რეინოს ფენომენი

რეინოს ფენომენი არის მდგომარეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მცირე დიამეტრის სისხლძარღვების სპაზმი, რომლის მაპროვოცირებელი ფაქტორია გარემოს დაბალი ტემპერატურა და ემოციური სტრესი. რეინოს ფენომენი კლინიკურად ვლინდება ხელის ან ფეხის თითების ფერის ცვლილებებით, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება.

არსებობს რეინოს ფენომენის ორი ტიპი: პირველადი (ხშირად მას რეინოს დაავადების სახელწოდებით მოიხსენიებენ) და მეორადი (რეინოს სინდრომის სახელით ცნობილი).

პირველადი რეინოს ფენომენი

როდესაც პათოლოგია არსებობს დამოუკიდებლად და არ არის დაკავშირებული სხვა დაავადებასთან. ძირირთადად ახალგაზრდა ასაკში (მოზარდები და ან 30 წლამდე ასაკი) და უპირატესად ქალებში გვხვდება. პირველადი რეინოს ფენომენი არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, თუმცა შეიძლება გახდეს მიზეზი ცხოვრების ხარისხის დაქვეითების. დაავადების მიმდინარეობა არის ძირითადად მსუბუქი და დროთა განმავლობაში შესაძლოა თავისთავად უკუგანვითარდეს.

რეინოს ფენომენი

მეორეადი რეინოს ფენომენი

როდესაც პათოლოგია თან ახლავს სხვა დაავადებას

  • აუტოიმუნური დაავადებები (სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა)
  • ჰემატოლოგიური დაავადებები (კრიოგლობულინემია, პარანეოპლაზიური სინდრომი)
  • ჰიპოთირეოიდიზმი
  • ათეროსკლეროზი, ვასკულიტი, მაობლიტირებელი თრომბანგიიტი, გულმკერიდან გამოსვლის სინდრომი
  • მაჯის გვირაბის სინდრომი
  • მედიკამენტები (კოკაინი, ნიკოტინი, ინტერფერონი, ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი )
  • აუტოიმუნური ჰეპატიტები
  • შაქრიანი დიაბეტი

მეორადი რეინოს ფენომენი უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და გართულების სახით შეიძლება გავითარდეს თითებზე წყლულები, ნეკროზი.

დიაგნოზის დადასტურება და რეინოს ფენომენის ტიპის იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია მკურნალობის დაგეგმვაში. პირველადი რეინოს ფენომენი ხშირად არ საჭიროებს მკურნალობაში მედიკამენტების ჩართვას და ძირითადად ცხოვრების სტილის სწორად განსაზღვრა არის მნიშვნელოვანი (სიცივეში ყოფნისგან თავის არიდება, თბილი ხელთათმანების და წინდების ტარება,თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა), იმ შემთხვევაში თუ სიმპტომები აუარესებს ცხოვრების ხარისხის, განიხილება მედიკამენტოზური მკურნალობის საკითხი. მეორადი რეინოს შემთხვევაში მკურნალობა უფრო რთული და კომპლექსურია, უმნიშვნელოვანესია ძირითადი დაავადების მკურნალობა.