ღრმა ვენების თრომბოზი

ღრმა ვენების თრომბოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს უმეტესწილად ქვემო კიდურების ღრმა ვენებში თრომბების წარმოქმნა. აღნიშნული დაავადება მოსახლეობის 10-20%-ში გვხვდება. არანამკურნალებ შემთხვევაში შესაძლოა გახდეს სიკვდილის მიზეზი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის გამო. ღრმა ვენების თრომბოზის გვიან გართულებას წარმოადგენს პოსტთრომბოზული სინდრომი.

რა არის თრომბოზი?

თრომბოზი, საზოგადოდ, სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესია. ამ პათოლოგიური პროცესის შედეგად შესაძლოა სისხლძარღვის სანათური ნაწილობრივ შევიწროვდეს ან სრულიად დაიხშოს. თრომბების წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლის ნაკადის შენელება, სისხლძარღვის შიგნითა გარსის – ენდოთელიუმის დაზიანება და სისხლის თვისებების შეცვლა. ღრმა ვენების თრომბოზი – ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ღრმა ვენებში თრომბები ყალიბდება.

აღნიშნულ პროცესს თან ახლავს ვენების კედლის ანთება (ფლებიტი), ამიტომ დაავადებას ღრმა ვენების თრომბოფლებიტსაც უწოდებენ. რამდენადაც თრომბოზს პრაქტიკულად ყოველთვის ახლავს თან ფლებიტი, თრომბოზისა და თრომბოფლებიტის დიაგნოზი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან არის გაიგივებული. ვენებში თრომბის წარმოქმნის შემდეგ თრომბის გარშემო ანთება ვითარდება, თრომბი ვენის კედელს მიემაგრება, რაც ამ უკანასკნელის დაზიანებას და ანთებას იწვევს.

ღრმა ვენების თრომბოზი

ძირითადი სიმპტომები

კიდურის შეშუპება თრომბის ლოკალიზაციაზე დამოკიდებულებით;

კიდურის შეწითლება;

სიმძიმისა და სიმხურვალის შეგრძნება კიდურის არეში.

ზოგიერთ შემთხვევაშიამ პრობლემას შეიძლება არ ახლდეს რაიმე სიმპტომი.